გოკა გაბაშვილი: არც დღევანდელი მთავრობის წევრები წასულან ბრიუსელში ველოსიპედით

   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმების საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ხარჯები, იქნება ეს მასაჟისტი, ორთოპედი, სტომატოლოგი, ჩაცმა, ბანკეტი თუ სუფრა. მისი თქმით, პროკურატურა და მთავრობა თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს.
“სასაცილოა ის, რომ მთავრობა, რომელმაც დაახლოებით ერთი მილიარდით გაარღვია ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილი, რომელმაც მილიარდ ოთხასი მილიონი ახალი ვალი აიღო და 138 მილიონზე მეტი გადახარჯა პრემიებსა და ხელფასებზე, ყოფილ პრეზიდენტს ბოლო წლების დაჯამებულ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება. ეს არის არასერიოზული და სულელური ბრალდება, რადგან ნებისმიერ პრეზიდენტს და სახელმწიფო მეთაურს აქვს ხარჯი, ყველას კარგად გვახსოვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ძალიან აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე, ის პირადად ჩადიოდა არაერთ ქვეყანაში და არაერთი დელეგაცია დაჰყავდა თან. ამ ტიპის ბრალდებებზე ერთგვარი პასუხი უკევე გასცა ბატონმა იუშჩენკომ, როცა ერთი ქილა თაფლი და აბანოს ჩუსტები გამოუგზავნა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ანალოგიური ხარჯები საქართველოს მოქმედ მთავრობასაც აქვს.
“ნებისმიერ მთავრობას აქვს ასეთი ხარჯები, მაგალითისთვის: ამოიღონ ინფორმაცია, რა დაჯდა ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ბრიუსელში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი. გარწმუნებთ, რომ მთავრობის წევრები არ წასულან იქ ველოსიპედით, ისინი გაფრინდნენ თვითმფრინავით, ისინი ჩავიდნენ სასტუმროებში და ის არ იყო ერთვარსკვლავიანი და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მათ მოემსახურათ ლიმუზინები და ავტობუსებით არ მისულან ევროსაბჭოს ოფისში ხელმოსაწერად, მათ ხელმოწერის შემდეგ ჰქონდათ ბანკეტიც და მიღებაც და კარგია, რომ ეს ჰქონდათ. ასე, რომ ეს არის ბუნებრივი ხარჯები, ყველა მომდევნო მთავრობა თუკი დააჯამებს წინა მთავრობის წარმომადგენლობით ხარჯებს, გარწმუნებთ, გამოადნობს 8 მილიონზე ბევრად მეტს”, – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე დღეს ბრალი დაუმძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები