დავით მათიკაშვილი: გახარიასგან არაფერი გამიკვირდება, როცა ქვეყანას პოლიტიკურად ყველაზე მეტად უჭირდა – მაშინ დატოვა თანამდებობა
გახარიასგან ალბათ არაფერი გამიკვირდება: როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ შემართებას ყველაზე მეტად უჭირდა, მაშინ დატოვა პრემიერის თანამდებობა და, ფაქტობრივად, მყისიერად ოპოზიციაში გადაინაცვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას “ტვიტერზე” გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
დეპუტატის შეფასებით, გახარიას განცხადებები პატრიოტულ სულისკვეთებას არ ატარებს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ერგება.
„მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები პატრიოტული სულისკვეთებით შთაგონებული ნამდვილად ვერ იქნება და უფრო მეტად მის ვიწრო, ბინძურ პოლიტიკურ ინტერესებს ესადაგება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წინსვლა და გამარჯვება არც ერთ შემთხვევაში არ უწერია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიას “ტვიტერზე” დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. მისი თქმით, საქართველოში ორივე დასამარცხებელია.