ვოლსკი: საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება”, არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა

არ შეიძლება, რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას საქართველოში ოლიგარქიის დასრულებასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, გახარია მსგავსი განცხადებებით ცდილობს, საზოგადოებას თავი შეახსენოს.

„საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება”, არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა.
მან განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და მე არ ვფიქრობ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც როგორც პიროვნება საუკეთესო მხარით წარმოდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერმინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც, პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა. არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. მისი თქმით, საქართველოში ორივე დასამარცხებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები