ვახტანგ მეგრელიშვილი – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ძალიან უნიჭოები არიან
ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი, არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ძალიან უნიჭოები არიან, – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი “გირჩი- მეტი თავისუფლების”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და „დროას” გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
დეპუტატის თქმით, პარტიების გაერთიანებას მიესალმება, რადგან 5%-იანი ბარიერის პირობებში რამდენიმე პარტიას საკუთარი მდგომარეობის გადააზრება მოუწევს და სწორია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას” ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები (პროევროპელობაზე) ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება, ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები უნიჭოები არიან და როდესაც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, მისი უნიჭობის დამტკიცება ადამიანებისთვის უჭირდა, თუმცა მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძე ამას თავად ამტკიცებს.
„ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა,”- აცხადებს მეგრელიშვილი.