“ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: ომი სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია – ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია – ეს უკრაინელების პრობლემაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისთვის ტრადიციული ყოველდღიური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული არმიის დანაკარგები გაიზრდება და, შედეგად, ოკუპანტები იძულებულნი გახდებიან, კაპიტულაცია გამოაცხადონ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 28 ოქტომბერს ყოველწლიურად “უკრაინა ნაცისტური დამპყრობლებისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. დღეს უკრაინას უწევს რუს დამპყრობლებთან ბრძოლა, მაგრამ ბოროტება ყოველთვის ერთნაირად მთავრდება”.

ზელენსკიმ მიმართვა ჩამოგდებული ირანული დრონების ფონზე გადაიღო, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის, ასევე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად იყენებს.

„ერთობლივი ძალებით, ყველა მეტალის მონსტრს ფრთებს აუცილებლად მოვაჭრით, რამდენიც უნდა გამოფრინდეს უკრაინის მიმართულებით. მტრის თვითმფრინავები ჩამოვარდება, მტრის ვერტმფრენები ჩამოვარდება. “შაჰედები” ჩამოვარდება. მხოლოდ უკრაინელი ხალხი არ დაეცემა, გმირი ხალხი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ნამდვილად შევა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსების ერთადერთ ტაქტიკად დღეს ტერორი იქცა, მაგრამ ასეთი ტაქტიკის ერთადერთი დასასრული შეიძლება, იყოს მხოლოდ დამარცხება”.

“ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება ფერფლიდან. როგორ? შეუმჩნევლად. თანაც ძალიან სწრაფად. როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება. სწორედ იმ მომენტში, როცა სამყარო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს. ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს და ზოგადად, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება. ომი სადღაც შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში – ეს მოლდოველების პრობლემაა. სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია – ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია – ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენ არ შეგვეხება, არ დაგვაზარალებს, ჩვენთან არ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები