ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში კონგრესის როლი უნდა გავაძლიეროთ
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი – ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარულ სესიაზე, კონგრესთან თანამშრომლობის გამოცდილების საკითხზე დელეგატების წინაშე მოხსენებით წარდგა.
ლევან ჟორჟოლიანმა საქართველოს დელეგაციის სახელით კონგრესს თანამშრომლობისა და საქართველოსთვის ევროპულ გზაზე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონგრესი მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათ ასოციაციებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებაში და ხელს უწყობს მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული, უფრო ღია, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბებას. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს დელეგაციის წევრმა დელეგატებს გაუზიარა ხედვა, როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის კონგრესი, რომელიც 4 პოსტულატს ეფუძნება.
„21-ე საუკუნის კონგრესი უფრო მონაწილეობრივი და წარმომადგენლობითი უნდა იყოს, კონგრესმა უნდა გააძლიეროს ინსტიტუციური კავშირები ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ლეგიტიმურად წარმოადგენენ ადგილობრივ ინტერესებს.
ამასთან ერთად, კონგრესი უფრო ფუნქციური და ქმედითი უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო მოქნილი და ადაპტირებადი სტრუქტურა, რომელიც უკეთ უმკლავდება ფინანსურ და გეოპოლიტიკურ რყევებს. კონგრესს გააჩნია უნიკალური ცოდნა და ექსპერტიზა დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და საჯარო მმართველობის სფეროებში. ეს არის ორგანიზაცია აკადემიური ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს მომსახურების მიმწოდებელი ევროპის კონტინენტზე ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. ქართველი საჯარო მოხელეებისა და არჩეული თანამდებობის პირებისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა გრძელვადიან საგანმანათლებლო პროგრამებში ისეთ თემებზე, როგორიც არის, ადამიანის უფლებები, მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა.
კონგრესი უნდა იყოს გლობალური განვითარების ინიციატივების ლოკალიზების ეფექტიანი ინსტრუმენტი. ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპული პლატფორმის რანგში, კონგრესი ღირებული პარტნიორია საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებისთვის, რათა მოხდეს გლობალური განვითარების დღის წესრიგის ლოკალიზება და ბოლოს, კონგრესი, როგორც ევროკავშირის გაფართოების ფასილიტატორი – ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ კონგრესის როლის გაძლიერებას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა კონგრესი არის ევროპული პოლიტიკის ინსტრუმენტი და მისი რეკომენდაციები და რეზოლუციები ყურადსაღებია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის.
საჭიროა კონგრესის ფარგლებში სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც პოლიტიკის დაახლოების პროცესში იმუშავებს ევროკავშირის გაფართოებაზე და სამეზობლო პოლიტიკაზე, მუნიციპალური მმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე ექსპერტული ცოდნით უხელმძღვანელებს კონგრესის ორგანოებს ევროკავშირის კომისიასთან და აპლიკანტ ქვეყნებთან დიალოგში“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას. მოხსენების ბოლოს, ლევან ჟორჟოლიანმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილ გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს, რომელიც 2010 წლიდან იკავებდა ამ პოზიციას და 3 ჯერ იქნა არჩეულ აღნიშნულ თანამდებობაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“ძვირფასო ანდრეას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც დემოკრატიისთვის, კონგრესისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის გააკეთეთ. მე კარგად მახსოვს, რომ თქვენ ხართ იმ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდით. თქვენ ყოველთვის გელიან საქართველოში. დიდი მადლობა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
2020 წლის 23 თებერვალს ანდრეას კიფერი და კონგრესის პრეზიდენტი – ანდერს კნაპე ხურვალეთში იმყოფებოდნენ.