რატი იონათამიშვილი: ნედ პრაისმა საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა, ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სანქციების თემა ხელოვნურია
სანქციების თემა ხელოვნურია, მხოლოდ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში მას პერსპექტივა არ გააჩნია, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე პარტნიორობა და მხარდაჭერა აქვთ.
„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კითხვა სანქციებზე დაუსვეს, მან საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სანქციების თემა ხელოვნურია. მხოლოდ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში მას პერსპექტივა არ გააჩნია, მით უმეტეს, იმ ჭრილში, რასაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობა და მხარდაჭერა ჰქვია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებზე სჯობს თავად უკრაინამ ისაუბროს. მან ყურადღება ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოწოდებულები არიან იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან.