მიხეილ სარჯველაძე – ანა აბაშიძეს: თქვენი სახელით გავრცელდა ასეთი შინაარსის განცხადება: „უალტერნატივოა ეს მოთხოვნა, გადადგეს ღარიბაშვილი“ – ეს არ არის მიკერძოება?

საკმაოდ ფართოდ გავრცელდა თქვენი სახელით ასეთი შინაარსის მოთხოვნა – „უალტერნატივოა ეს მოთხოვნა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებსო“. ეს არ არის მიკერძოება?, – ამ კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიმართა.

სარჯველაძის კითხვას ანა აბაშიძემ უპასუხა, რომ ეს მისი, როგორც მოქალაქის პოზიცია იყო.

„ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელმაც ნახა არაერთი ადამიანის უფლების დარღვევა, სისტემური, რომელმაც მოისმინა ძალიან მკვახე უარყოფა კონკრეტული პრობლემების აღიარების და კი, ეს იყო ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ამასთან, ომბუდსმენობის კანდიდატს სარჯველაძემ მიმართა კითხვით, თუ „როგორ უნდა მოხდეს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და კრიტიკულობის ერთმანეთთან თავსებადობა“, რასაც აბაშიძემ ასე უპასუხა: „ძალიან რთულია, მაგრამ აქ არ არის გაწერილი წესები, ჩვენ ვერ ამოვიკითხავთ სადღაც, რომ ნეიტრალობა ნიშნავს ამას, ეს არის აღქმები. თუ ჩემი საქმიანობის კრიტიკა მნიშვნელოვანწილად ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან და არა პროცესის მხარის მხრიდან იქნება იმგვარი, რომ ისინი მიკერძოებულობაში მამხელენ, ეს იქნება სერიოზული ნიშანი, რომ მართლაც პრობლემა მაქვს, მაგრამ აქ ხაზგასმა უნდა გავაკეთოთ იმაზე, პროცესს ვინ აფასებს“, – განაცხადა აბაშიძემ, რასაც სარჯველაძემ ასე უპასუხა: „მე თუ სწორად გავაკეთე დასკვნა, თქვენ პოლიტიკურად მიუკერძოებელი ხართ“.

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები