თეა წულუკიანი: უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს, – ასე გამოეხმაურა ვიცეპრემიერი, თეა წულუკიანი უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქის შეყვანას.
წულუკიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაბმის მორიგ მცდელობად უნდა შეფასდეს.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დააწესა, როგორც გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. ამ საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო.
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, – განაცხადა წულუკიანმა.