უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ტერაქტის განხორციელებას გეგმავენ.
მისი თქმით, რუსეთმა ტერაქტის განსახორციელებლად უკვე ყველაფერი მოამზადა.
„რუსეთი შეგნებულად ქმნის საფუძველს სამხრეთ უკრაინაში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და აგრეგატები.
თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, დატბორვის ზონაში იქნება. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს.
უკრაინის სამხრეთის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შესაძლოა განადგურდეს. რუსეთის ამ ტერორისტულმა თავდასხმამ შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური სადგური წყლის გარეშე დატოვოს გაგრილებისთვის.
ამ ერთი რუსული ტერაქტის დამღუპველი გარემოსდაცვითი, ჰუმანიტარული შედეგები შეიძლება ისეთი გახდეს, რომ მას ისტორიული კატასტროფა ეწოდოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.