არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ოპოზიციიდან სამი ადამიანის გარდა, არც ერთმა არ დაუჭირეთ მხარი თქვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

„კანდიდატის სტატუსის რომ განიხილებოდა ამ დარბაზში, დაისვა კითხვა, ოპოზიციიდან რომელი თქვენგანი უჭერდა მხარს, რომ საქართველოს ახლა, ამ პირობებში და ამ მოცემულობაში მიეღო კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ სამი ადამიანი აღმოჩნდა – „ევროპელი სოციალისტების“ და „გირჩის“ პარტიიდან, ვისაც ემეტებოდა კანდიდატის სტატუსის მიცემა. სხვამ არც ერთმა ხელი არ ასწიეთ“, – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, ოპოზიციას შარლ მიშელის შეთანხმება არ აწუხებდა არც ადრე და არც დღეს.

„შარლ მიშელის შეთანხმებაზე როგორ ლაპარაკობთ თქვენ! სად არის თქვენი ხელმოწერები ამ დოკუმენტზე? რომელმა მოაწერეთ ხელი და რომელმა დაუჭირეთ მხარი ამ შეთანხმებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს? არ ხართ ამ დარბაზში! არც ევროპელები არ ხართ თქვენ და არც მიშელის შეთანხმება არ გაწუხებდათ მაშინ და არც დღეს გაწუხებთ. ასი დღის განმავლობაში, ამ პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო და დამოუკიდებლად ახორციელებდა იმ შეთანხმების პუნქტებს, რომლებიც თქვენც აიღეთ და ხალხს ატყუებდით, რომ თითქოს თქვენ დაეთანხმეთ. ხელი არ მოგიწერიათ არც ერთს. რა მიშელის შეთანხმებაზე ლაპარაკობთ. იქიდან რაც შესრულდა, ეს „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა, რაც არ შესრულდა გადმოვიდა რეფორმების გეგმებში და დღესაც „ქართული ოცნება“ ასრულებს მაგას იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ ამ დარბაზში. საიდან უჭერთ მხარს, რას უჭერთ მხარს და რას განიხილავთ არ იცის არც ერთმა მოქალაქემ! პარლამენტში საერთოდ არ არის ლაპარაკი თქვენ რომ რაიმე შეგესრულებინოთ იმ შეთანხმებიდან. დიდ ევროპელობაზე რომ დებთ აქ თავს, კონსტიტუციაში რომ შევიტანეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, როგორც ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება, ხმა რომელმა მიეცით ხელის აწევით მანიშნეთ. არ ხართ თქვენ ის ხალხი, ვინც ამას მხარი დაუჭირა და დღეს გამოდიხარ და ლაპარაკობთ, რომ ვითომ დიდი ევროპელები ხართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები