ეკა სეფაშვილი: თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა არის სწორედ ის პრინციპები, რასაც ეყრდნობა დასავლური და ევროპულ ფასეულობათა სისტემა და რაც ორგანულია ქართველი ხალხისთვის
„არ დავიღლები იმის განმეორებით, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია”, – განაცხადა უფრაქციო დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
ეკა სეფაშვილის თქმით, ევროპისკენ სვლა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ექსკლუზივი, ინოვაცია ან განსაკუთრებული აღმოჩენა.
„ეს არის ქართველი ხალხის ნება, რომელსაც უმრავლესობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური შრომით, რომელიც გამოიხატება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში, ცხოვრებაში გატარებაში, იმ ინსტიტუციების მოწყობაში, რომელიც სწორედ ევროპულ სივრცესთან და ევროპულ სტრუქტურებთან გვაახლოებს ან იმ ინსტიტუტების გაძლიერებაში, რომელიც უკვე არსებობს, რათა მათ სათანადოდ და ღირსეულად შეასრულონ ის ფუნქციები, რომელიც, პირველ ყოვლისა, სწორედ მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ღირსეულ და ღირებულ დახმარებას გვიწევენ ამ რეფორმებისა და ცვლილებების გზაზე. თუმცა, ჩვენი მოძრაობა – ხალხის ძალა ყოველთვის დასვამს კითხვებს იმ ბუნდოვანი საკითხების შესახებ, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას და ქართველ ხალხს და რომელთა შესახებ მივიჩნევთ, რომ გვჭირდება და ხალხს სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, რათა შეგნებული არჩევანი გააკეთოს ნებისმიერი საკითხითა მიმართებით. ხოლო იმ ხალხს, ვისაც დასავლურ ცივილიზაციაზე ან ევროინტეგრაციაზე შედარებით ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, შევახსენებ, რომ თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა არის სწორედ ის პრინციპები, რასაც ეყრდნობა დასავლური და ევროპულ ფასეულობათა სისტემა და რაც ასეთი ორგანულია ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.