დავით მათიკაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე შეძლონ და საკუთარი დესტრუქცია გადააქციონ ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკად
მათი მიზანია, არჩევნების გარეშე – რევოლუციებით, ქაოსით, დესტრუქციით შეძლონ საკუთარ ინტერესის განხორციელება, რაც რეალურად საქართველოში არასოდეს მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
დეპუტატის თქმით, ილია დარჩიაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
„შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ილია დარჩიაშვილმა პასუხი გასცა კითხვებს, გააკეთა შესაბამისი მოხსენება, წარუდგინა ის პრიორიტეტები და გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს ქვეყანას საგარეო კურსით აქვს.
„ნაციონალურ მოძრაობას” არ აინტერესებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ამაზე ისიც მოწმობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას „მინისტრის საათის“ ფარგლებში ამ პარტიის მხოლოდ 2 წევრი ესწრებოდა. ყველა მათი ნაბიჯი, რომელიც იდგმება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით, ერთადერთი მიზნით არის განპირობებული – როგორმე შეძლონ და საკუთარი დესტრუქცია გადააქციონ ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკად, ანუ მოვიდნენ ხელისუფლებაში. არ აძლევს მათ ჩვენი მოსახლეობა შესაბამის მანდატს არჩევნებზე, ამიტომ, მათი მიზანია, არჩევნების გარეშე – რევოლუციების, ქაოსით, დესტრუქციით შეძლონ საკუთარ ინტერესის განხორციელება, რაც რეალურად საქართველოში არასოდეს მოხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.