კულებამ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შესთავაზა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან ურთიერთობების გაწყვეტა შესთავაზა. ამის მიზეზი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდე ირანული დრონების გამოყენება გახდა.
ამის შესახებ კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ირანის ქმედებები არის ფარისევლობა და სიცრუე, რასაც არ შევეგუებით“, – განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ “უკრაინასთან ურთიერთობების დანგრევაზე პასუხიმგებლობა თეირანს ეკისრება”.
„ირანული დრონების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასიური ნგრევის, ჩვენი ხალხის დაღუპვისა და მისთვის მიყენებული ტანჯვის ფონზე და გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ირანმა შესაძლოა, გააგრძელოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, პრეზიდენტის განსახილველად შემაქვს წინადადება ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ“, – აღნიშნა მან
მისი თქმით, უკრაინას ანტიირანული პოზიცია არასდროს დაუფიქსირებია.
“მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანი რუსეთის აგრესიისა და დანაშაულის მონაწილე გახდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ძალიან მკაფიო და პატიოსან პოზიციას დავიკავებთ. თუ ირანი შეწყვეტს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვისაუბრებთ ურთიერთობების აღდგენაზე”, – დასძინა მინისტრმა.