ავსტრიამ უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე უარი თქვა
ვენამ უკრაინელი სამხედროების მომზადების ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა.
„ევროკავშირის ამ მისიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ მასში მონაწილეობა, ამჟამად, დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა შალენბერგმა.
მინისტრის თქმით, ამ პროგრამაში ავსტრიის მონაწილეობის საკითხი ღიაა და, ამ დროისთვის, ავსტრიის ხელისუფლება უკრაინაში არსებულ ვითარებას “დააკვირდება”.
გარდა ამისა, შალენბერგმა დასძინა, რომ ვენა კიევისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს, რადგან ეს „ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოზიციას ეწინააღმდეგება“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინისთვის სასწავლო სამხედრო მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცეს.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სამხედრო სასწავლო მისია დაამტკიცეს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ტერიტორიაზე 15000-მდე ჯარისკაცის გადამზადება მოხდება“, – დაწერა იოზვიაკმა.