რატი იონათამიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშივლი, საკანონმდებლო – ინიციატივების შემუშავების მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივა განიხილეს, რომლის მიზანია – გამოასწოროს საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხარისხიანი და ინკლუზიური წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, კანონმდებლობაში უნდა შეიცვალოს შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და უნდა დაიხვეწოს შშმ პირებისთვის ფიზიკური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის ხარისხი.
რატი იონათამიშვილმა ყურადღება კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ცვლილებები შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტთან.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვმუშაობთ ტერმინების გასწორებაზე საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. ტერმინები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე ვსაუბრობთ. დისკრიმინაციული ტერმინები იწვევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად უფლებრივი პარადიგმით მივუდგეთ ჩვენ ამ საკითხებს. საინტერესო წინადადებებს გავეცანით, კომიტეტიც მუშაობს. ამ პროცესებს გავაერთიანებთ და მალე მოვემზადებით იმისთვის, რომ კონკრეტული ინიციატივებით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შშმ პირთა თემის წარმომადგენლები და ექსპერტები.