თამთა მეგრელიშვილი: სამარცხვინოა, რომ შავბნელი და ამორალური წარსულის მქონე ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის გატოლებას და მასთან დაპირისპირებას ბედავს
“ამერიკის ელჩისთვის კითხვების დასმა დემოკრატიის ნაწილია და არ ნიშნავს მასზე თავდასხმას. თანაც “ხალხის ძალა” ქალბატონ კელი დეგნანს კითხვებს ქართველი ხალხის სახელით უსვამს და ქართველ ხალხს უფლება აქვს სიმართლე იცოდეს”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მეგრელიშვილი ინტერვიუში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ის დიდი ხანია “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით მოქმედებს.
მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ შავბნელი და ამორალური წარსულის მქონე ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის გატოლებას და მასთან დაპირისპირებას ბედავს.
“ამერიკის ელჩისთვის კითხვების დასმა დემოკრატიის ნაწილია და არ ნიშნავს მასზე თავდასხმას. თანაც “ხალხის ძალა” ქალბატონ კელი დეგნანს კითხვებს ქართველი ხალხის სახელით უსვამს და ქართველ ხალხს უფლება აქვს სიმართლე იცოდეს. თორემ რა გამოდის მაშინ როცა, ამერიკის ელჩი საქართველოში არსებული “ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის” ერთ-ერთ მიზეზად “გავრილოვის ღამეს” ასახელებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს არა “გავრილოვის ღამედ”, არამედ პარლამენტში შეჭრის მცდელობად ასახელებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ დემონსტრანტები კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა.
გარდა ამისა, ქალბატონი დეგნანი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია, მაგრამ მან დაადასტურა, რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრა ნამდვილად შედგა და სამ საათს გაგრძელდა. ქალბატონი დეგნანი დღემდე არ სცემს კითხვაზე პასუხს – რატომ უარყოფდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტს? ვინ იცის ამერიკის ელჩთან სამსაათიან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა რამხელა პოლიტიკურ წნეხს გაუძლო.
ფაქტია, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გარკვეული ძალების ინტერესში შედიოდა და დღემდე შედის. გავიხსენოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, როგორ მოგვიწოდებდნენ სოხუმსა და ცხინვალში “ტანკებით , გასეირნებისაკენ”. გავიხსენოთ ალექსეი არესტოვიჩის სიტყვები – საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ომის ადამიანები არ არიან, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, რუსეთს მეორე ფრონტს აუცილებლად გაუხსნიდაო.
დიახ, საქართველოს ხელისუფლებაში დღეს ნამდვილად არ არიან ომის ადამიანები, მაგრამ ქვეყანაში გვყავს ომის პარტია – “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ კოლექტიურ არახამიებთან ერთად ცდილობს საქართველო ომის ქარცეცხლში გაახვიოს.
ფაქტი ერთია, უკრაინის ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საქართველოსადმი ანტიმეგობრულად არის განწყობილი, მაგრამ ეს სულაც ვერ მოახდენს გავლენას ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობაზე.
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონი არ არსებობს, მაგრამ ის რაც მისაღებია ცივილიზებული მსოფლიოსთვის, მიუღებელია საქართველოს რადიკალური ოპოზიციისა და რამდენიმე ევროპარლამენტარისთვის. აკი ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ პირდაპირ განაცხადა – “დეოლიგარქიზაცია საქართველოში პირველ რიგში, გულისხმობს დებიძინიზაციას”. აი, სწორედ ამაშია საქმე – რადიკალურ ოპოზიციას სურს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმუშაოს, არადა ბიძინა ივანიშვილი სრულებითაც არ ჯდება ოლიგარქის კრიტერიუმებში, რომელიც უკრაინაში მოქმედი კანონით არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მისცა. იმედია, იგივე კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და დეოლიგარქიზაციის შესახებ ქართულ კანონპროექტს, რომელიც უკრაინული კანონის ანალოგი გახლავთ, არ დაახარვეზებს.
მოკლედ, ვატყობ საქმე იქამდე მივა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწევთ ცალ ხელში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი დაიჭირონ ხელში, ხოლო მეორე ხელში კალკულატორი მოიმარჯვონ კეზერაშვილის მილიონების დასათვლელად”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ, ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და მისგან 23 მილიონის მოთხოვნას ეხება, რესპონდენტი პასუხობს, რომ ოქუაშვილისგან მსგავსი ქმედება რბილად რომ ითქვას, უხერხულია.
“რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როცა ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უცხო ქვეყნებში დაგროვილ ფინანსურ კაპიტალს საკუთარ სამშობლოს ახმარს, სასამართლოში უჩივის ზაზა ოქუაშვილი, რომლის “კარგ კაცობაზეც” ფაქტები ღაღადებენ.
ზაზა ოქუაშვილი არის კაცი, რომელსაც საკუთარმა მამამ რობერტ ოქუაშვილმა სასამართლოში უჩივლა – ჩემმა შვილმა ჩემი კუთვნილი ქონება ჩემი ხელმოწერის გაყალბებით გაყიდაო. მაგრამ ოქუაშვილმა მამამისს სააკაშვილის სასამართლოში მოუგო. ზაზა ოქუაშვილი არის “კაცი”, რომელმაც საკუთარი დედა ხალხის თვალწინ სცემა და სამსახურიდან გააგდო. კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ასეთი შავბნელი და ამორალური წარსულის მქონე ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის გატოლებას და მასთან დაპირისპირებას ბედავს.
საერთოდ, ოქუაშვილი დიდი ხანია, “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით მოქმედებს და მის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია”,- განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.