გიგა გიგაშვილი – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, პირადად ჩემი ინტერესია, სიმართლე გაირკვეს

პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია და ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.

„რა თქმა უნდა, მე პირადად სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ყველა აუცილებელი ინფორმაცია, ასევე დოკუმენტურად დამატებით რამე თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მივაწვდით. პირველ რიგში, პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია და ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, თუ რატომ მოხდა. ეს ყველაფერი არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ამოიღოს ეს ინფორმაცია, რა ვალდებულებები გვქონდა ჩვენ, უშუალოდ გარემოს დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტს, რა ვალდებულებები ჰქონდა შემსყიდველ კომპანიას, რა ვალდებულებები ჰქონდა ექსპერტს და ა.შ.

ჩვენი სამსახურის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად არის, რომ შევამოწმოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულება, რომელსაც ხელს ვაწერთ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი აკრედიტირებული ან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ამასთან ერთად მთლიანად ტენდერს და სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტი. რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა. ეს არის აკრედიტირებული ექსპერტიზის ბიურო, რაც გათანაბრებულია ყველა სხვა ექსპერტიზასთან. ამ ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და წარმოებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან – ამაზე მეტი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, დასკვნა დიდია, დაახლოებით 500 გვერდი. მას აქვს თავისი დანართები ელექტროგაყვანილობის, მილების გაყვანილობის და ჩვენ ეს დასკვნა გადავეცით გამოძიებას“, – განაცხადა გიგი გიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები