დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”. ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.