ბექა ოდიშარია – პოდოლიაკის განცხადებაზე: რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია, ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს მასზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.
„ბატონი პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში და ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს. რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ და მართლა განვიცდით მის მაგივრად. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს და ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი ქვა ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავის ოფისის ფანჯრიდან, რა ხდება ქვეყანაში და რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს. შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე. ესაა ჩემი კომენტარი პოდოლიაკის ირგვლივ”, – განაცხადა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს.