რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.
რატი იონათამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაცულია ინკლუზიურობის პრინციპი.
„უსინათლოთა თემის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ კანონპროექტზე, რომელიც არეგულირებს და ქმნის გარანტიებს უსინათლო ადამიანებისთვის, რომ მათ შეძლონ გარიგების დამოუკიდებლად დადება. აღნიშნული ინიციატივა მეორე მოსმენით ხვალ გადის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ამიტომ გვინდოდა, რომ თემთან წინასწარ შეგვეთანხმებინა ის საკითხები, რომელიც შეიძლება მეორე მოსმენის ფორმატში, ცვლილების სახით, შევიდეს კანონპროექტში. ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მთავარია ის, რომ ინკლუზიურობის პრინციპი, თემის ჩართულობა და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არის დაცული. შევთანხმდით, რომ კანონშემოქმედებითი პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას შევინარჩუნებთ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.