ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც მიზნად ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით გზებზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის სრულყოფა მოხდება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ გამართულობაზე დადებით გავლენას იქონიებს.
„საკანონმდებლო ცვლილებები გაზრდის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა მიმართვიანობას ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში და ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, ქალაქებში, სადაც მაღალია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კონცენტრაცია. ამასთან, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინიმუმამდე დაყვანა შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს და უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას, დაჯარიმდება: ფიზიკური პირი 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე – 300 ლარის ოდენობით.
თუ სამართალდარღვევა ისევ განმეორდა, აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას კი 700 ლარის ოდენობით გამოიწვევს.