ირაკლი ბერაია სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე, მარიან მეიერი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
„სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი ქვეყნები თავდაცვის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. სლოვაკეთის მხარე ჩართულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში და ჩვენ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ხელმოწერილია ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა. საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სლოვაკეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე, საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების ასპექტებზე და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდა.