ჩვენი გუნდის ოლიმპიადაზე გამგზავრება პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იყო

  ჩვენი გუნდის ოლიმპიადაზე გამგზავრება პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“ზოგადად, სპორტულ შეჯიბრზე სხვა სიურპიზებზე უნდა ვსაუბრობდეთ, თუმცა ჩვენი მდგომარეობა, სამწუხაროდ, სოჭის ოლიმპიადას განგვახილვინებს სრულიად სხვა კონტექსტში. ძალიან კარგად მესმის თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის დაძაბულობა ამ დღეებში, რადგან ველით პროვოკაციებს და ვართ გაბრაზებული, მაგრამ ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამგზავრება იყო პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და ამაში მე დარწმუნებული ვიყავი და ვრჩები დარწმუნებული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მთავრობა ამისთვის ყველა თვალსაზრისით მზად არის.
მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლებას გაცილებით მეტი უხერხულობა შეუქმნა, ვიდრე საქართველოს უნდა შექმნოდა.
“ჩვენი გუნდის მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლებას გაცილებით მეტი უხერხულობა შეუქმნა ვიდრე ჩვენ უნდა ვუქმნიდეთ ჩვენს თავს. სოჭის ოლიმპიადის გამო, რომ არ წაიღებდა რუსეთი უკან თავის გადაწყვეტილებას აღიარების თაობაზე, ეს ჩვენ ვიცოდით და ვიცით, მაგრამ მას მოუწია ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა ამ ყველაფრის შესაფუთად. ამით მთელმა მსოფლიომ და პირველ რიგში რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა დაინახეს, რომ ამ საკითხში ისინი არიან მსოფლიოსგან იზოლირებული. ასეთი დონის ღონისძიებებზე საქართველოს რუკის ღრუბლებით დაფარვას სატირულ-იუმორისტულად უნდა ვუყურებდეთ თუ რა დღეშია რუსეთი და თუ რა საშუალებებს მიმართავს შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად. ჩვენი ოლიმპიელების მონაწილეობამ რუსებს მეტი პრობლემა შეუქმნა. აქედან გამომდინარე, თუ იქნება პროვოკაციები, ამას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ ყველა თვალსაზრისით”, – აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები