დავით ზალკალიანის შეფასებით, პრემიერმა ამერიკელ სენატორებს ამომწურავად უპასუხა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი სენატორების კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და, ბუნებრივია, ის კითხვები, რომლებიც იყო დასმული სენატორების წერილში, სავსებით ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები.
დავით ზალკალიანის აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ღია და გამჭვირვალე ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. კერძოდ კი, მართლმსაჯულების კუთხით.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხ ამერიკელ სენატორს საპასუხო წერილით მიმართა და რჩევებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის პროცესის შესახებ უკეთ ინფორმირების მიზნით ამერიკელ სენატორებს საქართველოში ჩამოსვლა სთხოვა.