თამარ არჩუაძე: 10 ოქტომბრიდან ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მასშტაბურ რეაბილიტაციას
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენი დასაფრენი ზოლის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდება. ადეზეს რეაბილიტაციის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
,,9 თვის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის სრული აღდგენა გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ჩვენს აეროპორტში 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეგულარული ფრენები. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. სრულად მოხდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, შესრულდება ასფალტის საფარის გადაგებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ორ კვირიანი ეტაპის შემდეგ, კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი გრაფიკით , ისე რომ ფრენების ოპერირებას ხელი არ შეეშალოს, გაგრძელდება დარჩენილი სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზეც,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
რაც შეეხება მგზავრებს, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, წლის დასაწყისიდან მოლაპარაკებები ჰქონდათ ავიაკომპანიებთან და მათ გადაალაგეს თავიანთი განრიგები.
,,ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია.