ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, N30-N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა.

ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კრწანისის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩვენ გვაქვს პროექტი – „ახალი ტფილისი“, რომლის ფარგლებშიც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას, განახლებასა და რეაბილიტაციას ვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, მიმდებარე ქუჩები და ეს ორი შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 12 ოჯახი დროებით ქირით გვყავდა გაყვანილი და დღეს ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მათ სრულიად ახალი, განახლებული და გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უბრუნდებათ.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტი გაგრძელდება და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქს რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ და მოწესრიგებული, გალამაზებული გადავცეთ ჩვენ შვილებსა და მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები