ავსტრიის დელეგაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია ავსტრიის ელჩს საქართველოში – თომას მიულმანს და ავსტრიის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ავსტრიის დელეგაციაში ტიროლის საერთაშორისო ურთიერთობის, სამთო, სახანძრო და სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი პირები შედიან. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა.

ტიროლი უკვე თანამშრომლობს სამეგრელო-ზემო სვანეთთან სახანძრო-სამაშველო და ტყის ხანძრების მართვის საკითხების მიმართულებით. სამომავლოდ ასევე დაგეგმილია ტურიზმის და განათლების სექტორში თანამშრომლობა. შეხვედრაზე მხარეებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და დამეგობრებული რეგიონების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდის მერი – მამუკა წოწერია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი – ნუგზარ გაბელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი და სხვადასხვა სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა – გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები