ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „ჰერეთობა-2022“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული, „ჰერეთობა-2022“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად, ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა, კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების, საჯარო სკოლების წარმომადგენლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ, წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები; ადგილობრივ მეწარმეთა მიერ მოეწყო ღვინისა და არყის მომზადება/დეგუსტაცია. დამთვალიერებელს, ადგილზე შეეძლო ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით, ორკესტრირებული და ცეცხლოვანი შოუ.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. წელს ეს სტატუსი 5 მოქალაქეს მიენიჭა; მადლობის სიგელით დაჯილდოვდა, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები.
„ჰერეთობა 2022“ გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც თეატრალური კვარტეტი, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე და DJ-ალექს დვალი მონაწილეობდნენ.
„ჰერეთობა-2022“-ს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტარი, ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და სასულიერო პირები დაესწრნენ.