ნინო იობაშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინაციის გუნდის ლიდერს, მათე ჩიჩაის შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინაციის გუნდის ლიდერს, მათე ჩიჩაის შეხვდა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) მისიის ფარგლებში იმყოფება.
მხარეებმა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. ნინო იობაშვილმა, შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე. საუბრის თემას ასევე, წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობა.
„საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და არის კანდიდატობის გზაზე, თუმცა, საგულისხმოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერება, რომელსაც ევროკავშირი კვლავ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მხარეებმა შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ნინო იობაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ორი დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა.
ქართველმა კანონმდებელმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
ნინო იობაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ძალიან მალე დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.