ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, სამინისტროს დაფინანსება 2023 წელს 770,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, სამინისტროს დაფინანსება 770,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება.

მისი თქმით, მომავალ წელს 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის, 355 ლარს გაუტოლდება. როგორც მან აღნიშნა, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.

„როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს, ივლისიდან ბავშვების სოციალური დახმარება გავაორმაგეთ და გახდა 100 ლარი, მიმდინარე წლის ივნისიდან კიდევ გავზარდეთ და განისაზღვრა თითო ბავშვზე 150 ლარით; ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში სრულ წელზე იქნება გათვალისწინებული 150 ლარის ოდენობით დაფინანსება თითოეულ ბავშვზე”, – აღნიშნა მან. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები