მეუფე შიო: მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები და შეუდგეს მადლიან სულიერ ცხოვრებას

მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები და შეუდგეს მადლიან სულიერ ცხოვრებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე, ჯვართამაღლების წინა კვირას ჩატარებული ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, იესო ქრისტეს სიტყვა – ეს არის სიტყვა ჭეშმარიტებისა, მიუხედავად იმისა, გვესმის ჩვენ ეს თუ არა და გვაქვს თუ არა შესაბამისი სულიერი გამოცდილება.

„დღევანდელი სახარება ჩვენ გვესაუბრება საუკუნო სიცოცხლეზე, ქრისტეს ზეციდან ჩამოსვლაზე, ჯვარცმაზე, ზეცად აღსვლასა და სარწმუნოების მნიშვნელობაზე, ვინაიდან მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მარადიული სიცოცხლის მოპოვება, მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა განჭვრიტოს, როგორ გარდამოვიდა ზეცით ძე ღვთისა, როგორ განკაცდა; მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ პირადად ყოველი ჩვენგანისთვის და მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები და შეუდგეს მადლიან სულიერ ცხოვრებას.

როგორც მოგახსენეთ, ნიკოდიმოსს ეს ყველაფერი ბოლომდე არ ესმოდა, მაგრამ უფალი მაინც ესაუბრება ამ დიდ საიდუმლოებებზე, ვინაიდან ეს არის სიტყვა ღვთისა. იესო ქრისტეს სიტყვა – ეს არის სიტყვა ჭეშმარიტებისა. იგი არის ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, გვესმის ჩვენ ეს თუ არა, გვაქვს თუ არა შესაბამისი სულიერი გამოცდილება.

ამიტომ, ძმანო და დანო, შეიძლება ჩვენც არ გვესმის დღეს ბოლომდე ეს საიდუმლოებები, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, მაინც უნდა დავიმახსოვროთ, მაინც უნდა ვისწავლოთ, ვინაიდან თუ ჩვენ ასე ვიღვაწებთ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენც მთელი გულით ვიტყვით წმინდა პავლე მოციქულთან ერთად, რომლის ეპისტოლეც იყო დღეს წაკითხული სამოციქულოში და ეს სიტყვებიც იყო წაკითხული, რომ „ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე, გარდა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა“, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები