ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმი აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიდტი, მმართველი საბჭოს წევრები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები ესწრებიან.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

სერვისების გაციფრულების და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით აღსრულების ეროვნულ ბიროში უკვე არაერთი სიახლეა დანერგილი, მათ შორის, ციფრული არქივი, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, ელექტრონული სისტემის აწყობა მუნიციპალიტეტებსა და კერძო ბანკებთან და სხვა თანამედროვე ციფრული სერვისები.

მინისტრმა აღსრულების ახალი კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ სააღსრულებო სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

კონფერენციის ფარგლებში ოთხი პანელური დისკუსია გაიმართება. თითოეულზე მონაწილეები ციფრული და ტექნოლოგიური მიღწევების სააღსრულებო პროცესში დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ; მათ შორის, ფაქტების კონსტატაციის, სააუქციონო მომსახურების, მოვალეთა რეესტრის ბლოკჩეინის სისტემაში ინტეგრირების, აღსრულების პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ტექნიკური სამუშაოს გაციფრულებისა და ადამიანური რესურსის გამოთავისუფლების შესახებ; გაიმართება სხვადასხვა ქვეყნაში უკვე ადაპტირებული გაციფრულების პროცესისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პრაქტიკული მაგალითების განხილვა.
კონფერენცია.

აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გახსნის ღონისძიებას, აგრეთვე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები