ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა ღია იქნება – პარლამენტმა ,,მოქალაქეების” ინიციატივა მესამე მოსმენით განიხილა და 104 ხმით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ,,მოქალაქეების” ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა ღია იქნება, მესამე მოსმენით განიხილა და 104 ხმით მხარი დაუჭირა. კერძოდ, 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, სახალხო დამცველი გამოაკლდება და საქართველოს პარლამენტის მიერ ომბუდსმენის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება. ინიციატივა პარლამენტს ,,მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა წარუდგინა.

იოსელიანის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება პროცესის გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას უზრუნველყოფს და საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით. მისივე განმარტებით, ფარული წესით არჩევა, საკმარისი ხმების მიღების მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფარული გარიგების რისკებს აჩენდა, აღნიშნული ცვლილება კი კენჭისყრის პროცესში ასეთ რისკებს გამორიცხავს.

,,პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის წესის ფარულობის გაუქმებას და ღიაობის შემოტანას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა წარიმართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების პოზიცია იყოს საჯაროდ ცნობილი, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არ მოხდეს ფარული გარიგებები საკმარისი რაოდენობის ხმების მისაღებად.
მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბარს არ უნდა ერიდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული პასუხი კითხვებზე, თუ ვის და რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პოლიტიკოსი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღნიშნული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო, რათა სახალხო დამცველის არჩევის დროისთვის, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იყოს შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები