ირაკლი კობახიძე – სოსო გოგაშვილის ბრალდებებზე: ყველაფერი, რაც დღემდე გავრცელდა, იყო სისულელე

ის გარემოება, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და განაწყენებული შედის პოლიტიკაში, არის უბედურება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პატიმრობაში მყოფ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეზე, სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ფაქტები წარსულში არსებულ ხარვეზებზე მეტყველებს და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში ეს სისტემურად არ განმეორდეს.

„თვითონ ეს ფენომენი, რასაც გოგაშვილი ჰქვია, თავისთავად აჩვენებს გარკვეულ პრობლემას, რაც წარსულში იყო. ეს გამოსასწორებელია და მომავალში არ უნდა განმეორდეს. რაც შეეხება გოგაშვილის ბრალდებებს, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე და მათი ამოცანაა თავდაცვის რეჟიმში ჩაგვაყენონ. შეიძლება სისულელე, აბსურდი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად გიწევს პასუხის გაცემა და ამის გარშემო უნდათ დღის წესრიგის აგება. ამის საშუალებას ვერავის მივცემთ. მარტივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც დღემდე გავრცელდა, იყო სისულელე. დარწმუნებულები ვართ, რაც მომავალში გავრცელდება, იგივე აბსურდი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ რეჟიმში დარჩენას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები