გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი რეალური ბრძოლის და შეტაკების გარეშე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს ტანკისტის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მისი თქმით, აღარ უნდა დაიღვაროს არც ჩვეულებრივი მოქალაქის და არც სამხედროს სისხლი.
“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც სჭირდება დაცვა და დაცვა ხშირად მდგომარეობს იმაში რაც არაერთხელ მიხსენებია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი ჩვენი ქვეყნისთვის რეალური ბრძოლის და შეტაკების გარეშე. აღარ უნდა დაიღვაროს არც ჩვეულებრივი მოქალაქის და არც სამხედროს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად მაღალ მოწოდებაზე, მაღალ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს ერთი წამით ეჭვიც კი, რომ იოლია საქართველოსთან იარაღის ენით საუბარი. ეს არის თქვენს მხრებზე, ეს არის მათ მხრებზე ვისაც ძალიან ბევრი გამოუვლია, ვინც იცის რამდენად რთული და მძიმეა ყოველი დღე ჯარისკაცისთვის. მაგრამ, თქვენ ისიც იცით რამხელა პატივს გცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქე და რამხელა პატივია ის, რომ როდესაც მოქალაქეებს მშვიდად ძინავთ, თქვენ ფხიზლობთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა ჯარისკაცების მიმართ მადლიერება გამოხატა.
“მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს ტანკისტებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოვხატო ის მადლიერება რაც ჩვენ გვაქვს, თითოეულ ქართველს გვაქვს ჩვენი შეიარაღებული ძალების და ჯარისკაცების მიმართ. მადლიერება ეფუძნება იმ პატივისცემას, რასაც ჩვენ განვიცდით იმ ხალხის მიმართ ვინც აგრძელებს უძველეს ჩვენ სამხედრო, მხედრულ ტრადიციებს, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანა ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყანა. ამ მადლიერებაში, რომელსაც გამოვხატავთ თქვენ მიმართ დევს ჩვენი პატივი ჩვენი წინაპრების მიმართ, თქვენთან ერთად მყოფი და დაღუპული თანამებრძოლების მიმართ, იმ საქმის მიმართ რასაც თქვენ ყოველდღიურად ემსახურებით და იმ მომავლის მიმართ, რომელსაც ერთად ვქმნით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.