„ხალხის ძალა“: ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ

ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი საქართველოდან მიიღეს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას შარშან ევროკავშირის 75-მილიონიანი სესხის არგამოყოფით. ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ. ეს რომ ასე არ ხდება, ჩვენთვის იმის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი არც ქვეყნის განვითარებისთვის და არც სახელისუფლებო სისტემის გამყარებისთვის არ არის განკუთვნილი და ის, უმეტესწილად, სწორედ საქართველოში ამერიკული ინტერესების გატარებას ხმარდება. აქედან გამონაკლისი იყო დაფინანსების რამდენიმე კომპონენტი – მაგალითად, მცირე მასშტაბის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხაზით გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც განათლების სფეროს მოხმარდა (თუმცა, განათლების სფეროში ამერიკულმა ინტერვენციამ ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, რა მოუტანა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას ყველაზე გვიან გავშლით).

ჩვენს მიერ განმარტებული ყველა გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები