ირაკლი ბერაია ბელგიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ბელგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია და მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფი, ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს. აღინიშნა, რომ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ბელგიელმა კანონმდებლებმა ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბელგიის სამეფოს პარლამენტისთვის საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას.
„ბელგია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებზე.
ბელგიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ბელგიელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე სწორედ ამ მხარდაჭერის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს შევეხეთ.
შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და იმ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, რასაც ჩვენი ქვეყანა ევროპული ინსტიტუტების ინტეგრაციის გზაზე დგამს. ბელგიელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საქართველოს პარლამენტის ბელგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბელგიელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის ბელგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა – ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ხათუნა კვიციანმა და თეონა აქუბარდიამ მიიღეს.