კულტურის სამინისტრო მარინა კახიანს საიუბილეო თარიღს ულოცავს

კულტურის სამინისტრო მარინა კახიანს საიუბილეო თარიღს ულოცავს. მსახიობს 65 წელი შეუსრულდა.
„მარინა კახიანმა წლების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ყველასაგან განსხვავებული, სახასიათო, დრამატული პერსონაჟები და სამ ათეულზე მეტი როლი შექმნა. მისი ფართო დიაპაზონისა და მრავალმხრივი არტისტიზმის გამოხატულება ძლიერი ნებისყოფის, მარტოსული და ტრაგიკული ბედის მქონე ქალთა სახეებია შექსპირის, შილერის, ევრიპიდესა და გარსია ლორკას პიესებში.
ყველასათვის საყვარელი მსახიობის პროფესიული განათლება ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტს უკავშირდება.
სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა. 1980 წლიდან დღემდე კი, იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია.
აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვ.
გარდა ამისა, მარინა კახიანის სამსახიობო კარიერა არაერთ წარმატებას მოიცავს, მათ შორისაა ის როლები, რომლებიც მან თავისუფალ თეატრში, თეატრალურ სარდაფში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შექმნა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ იგი გადაღებულია არაერთ გამორჩეულ სერიალსა და მხატვრულ ფილმში.
მარინა კახიანს წარმატებული პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი თეატრალური ჯილდო, პრიზი და პრემია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები