“ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, ტაივანს ამერიკელი სამხედროები დაიცავენ” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ტაივანს შეერთებული შტატების სამხედროები დაიცავენ.

ამის შესახებ მან CBS 60 Minutes-თან ინტერვიუში განაცხადა, – წერს Reuters-ი.

კითხვაზე, დაიცავს თუ არა აშშ დემოკრატიულად მართულ კუნძულს, რომელზეც ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს, ბაიდენმა თქვა: „დიახ, თუ მართლა მოხდება უპრეცედენტო თავდასხმა“.

აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვეს – დაეზუსტებინა, გულისხმობდა თუ არა იმას, რომ, უკრაინისგან განსხვავებით, ტაივანს აშშ-ის ძალები დაიცავენ, ბაიდენმა უპასუხა: “დიახ”.

ბაიდენის სიტყვების კომენტირებისას, თეთრი სახლის სპიკერმა თქვა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

“პრეზიდენტმა ამაზე ადრე ისაუბრა, მათ შორის, წლის დასაწყისში ტოკიოში. მან მაშინ ასევე ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ეს სიმართლეა”, – თქვა სპიკერმა.

ცნობისთვის, ბაიდენთან ინტერვიუ გასულ კვირას ჩაიწერა. დღეს აშშ-ის პირველი პირი ბრიტანეთში, დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები