მაია ბითაძემ ევროპის მობილობის კვირეულისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ევროპის მობილობის კვირეულისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე მდგრადი ურბანული მობილობის კუთხით თბილისის განვითარების შესახებ ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს ჰაერის დაბინძურების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე. თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ამ მიმართულებით დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქალაქებში გადაადგილების გაუმჯობესება, ჰაერის პრევენცია და ამ მიმართულებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავს.
„მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საკითხები განიხილება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. საცობები, ქალაქის დაბინძურება, ხმაური, რომელიც ყოველწლიურად მზარდია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ხელისშემშლელი ფაქტორია ნორმალური განვითარებისთვის, ამიტომ ყველა ის პროცესი, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თუ სახელმწიფოს დახმარებით მიმდინარეობს ამ კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი და რაც მთავარია, ეს ხდება საზოგადოების აქტიური ჩართულობით.
საქართველოს პარლამენტის სახელით ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, გადაადგილების გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების პრევენცია და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას ვიხილავთ. თუმცა, ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვიცით, რომ დედაქალაქში განახლდება პანდემიის გამო შეფერხებული პროცესი, როგორც ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის ამოქმედებისა, ასევე ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების შეძენის, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად დააკმაყოფილებს დედაქალაქის მოთხოვნას“, -განაცხადა მაია ბითაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა მოქალაქეების დამოკიდებულება და ქცევა ჰაერის დაბინძურებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, შეიცვალა და წინა წლებისგან რადიკალურად განსხვავებულია სახელმწიფოს დამოკიდებულება ტრანსპორტის მიმართ.
ღონისძიება თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის, ჯიპიაი ჰოლდინგისა და GIZ-ის მხარდაჭერით გაიმართა.