დაპირისპირება ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე – არიან დაღუპულები

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მოხდა, – იტყობინება ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური.
ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად, დაშავებულია 11 ყირგიზი სამხედრო. ტაჯიკური მედიის ცნობით კი, ტაჯიკეთის მხარეს დაღუპულია 2 სამხედრო, 11 ადამიანი დაშავდა – 6 მესაზღვრე და 5 ადგილობრივი მცხოვრები.
ტაჯიკეთში აცხადებენ, რომ ყირგიზელი მესაზღვრეები თავს დაესხნენ ტაჯიკეთის რამდენიმე დასახლებას. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება “…დაძაბულია”. საზღვრისპირა – ბატკენის რაიონის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ „ტაჯიკურმა მხარემ კულუნდუს, მაკსატისა და ჟანი-ჟერის ტერიტორიებზე სროლა დაიწყო”.
თავის მხრივ, ყირგიზეთმა ტაჯიკეთი შეთანხმებების დარღვევასა და “მზაკვრულ თავდასხმაში” დაადანაშაულა. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ტალანტ მამიტოვმა, შექმნილი ვითარების გამო, რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, რომ კონფლიქტის პროვოცირება ყირგიზელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს.
”დილის 4:50 საათზე “კოქტოშის” სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებმა, შეთანხმების დარღვევით, მძიმე იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის “ისფარას” სასაზღვრო რაზმის “დუშანბეს” სასაზღვრო პუნქტს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე თქმით, სროლის ქვეშ 10-მდე დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. კომიტეტში განაცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათიდან, თუმცა, ყირგიზული მხარე აცხადებს, რომ ტაჯიკეთი აგრძელებს სროლებს. ქვეყნების წარმომადგენლები, საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, შეხვედრას აპირებენ.
„მოლაპარაკებების დროს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სასაზღვრო დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე დილის 10:00 საათიდან შეხვედრაზე. თუმცა, ტაჯიკური მხარე აგრძელებს ყირგიზეთის პოზიციების დაბომბვას“, – აცხადებენ ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში.
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება 14 სექტემბერს დაიძაბა. ორმხრივი სროლა  მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა, რის შედეგად ორი ტაჯიკი სამხედრო დაიღუპა, ორივე მხარეს მესაზღვრეები დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები