რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციას მოუსმინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იქ ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
მთავრობის თავმჯდომარის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, დღეისთვის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სახელმწიფოს სხვა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა, რაც დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, რუსლან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ურთიერთობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამინისტროებთან თანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას ამუშავებს. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაწეული საქმიანობით დაინტერესებისთვის, კომიტეტს მადლობა გადაუხადა. მომხსენებელმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც განთავსებულია დევნილთა კომპაქტური დასახლებები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს, რათა კიდევ უფრო მეტად იქნეს დაცული დევნილი მოსახლეობის უფლებები და გაუმჯობესდეს მათი საცხოვრებელი პირობები.
სხდომის დასასრულს, რუსლან აბაშიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, მზადყოფნა გამოთქვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.