რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, იუსტიციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ანგარიშები მოისმინა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ მოხსენება წარადგინა და სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის საკითხებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ყველა სახის მომსახურება, მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე უფასოდ მიეწოდება. მისივე განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარებას მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიების ნაცვლად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

„2022 წლის 1 იანვრიდან გაფართოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა 5 თვითმმართველი ქალაქისა, სისტემური რეგისტრაცია დაიწყო და აღნიშნული პროცესი 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2016 წლის 31 ივლისიდან 202 წლის სექტემბრის მდგომარეობით სულ დარეგისტრირდა ან დაზუსტდა 1 219 860 ნაკვეთი, რაც დაახლოებით 1.5 მლნ ჰექტარს შეადგენს”, – განაცხადა ერეკლე ღვინიანიძემ.
მომხსენებელმა სპორადული რეგისტრაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 6827 ნაკვეთი დარეგისტრირდა, ხოლოო 9 ათასზე მეტ სარეგისტრაციო განაცხადზე მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ გეოგრაფიული ობიექტების დამისამართებაზე ისაუბრა და იგი მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა, რადგან, მისივე განცხადებით, სოფლების დიდი ნაწილი დღემდე დაუმისამართებელია. მისი ინფორმაციით, 2020 წლიდან დამისამართების პროექტი უკვე დაიწყო და რამდენიმე მუნიციპალიტეტში საპილოტე სახით უკვე განხორციელდა. მომხსენებელმა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული ახალი მომსახურების დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

„2021 წელს სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი და 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით რეგისტრირდება. აღსანიშნავია, რომ პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების საკითხს – 2021 წლიდან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებისთვის, განცხადების გაკეთება უკვე დისტანციურად, აფხაზურ ენაზე შეუძლიათ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ცენტრების იუსტიციის სახლებად რებრენდინგის პროცესზე და მოსახლეობისთვის ყველანაირი სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის მიმდინარეობაზე ანგარიში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, ერთიანი ელექტრონული სისტემა 17 სხვადასხვა მოდულს მოიცავს და თბილისის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ელექტრონული სისტემა, ერთი ფანჯრის პრინციპით, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე მუნიციპალური ელექტრონული სერვისების მიღების შესაძლებლობას იძლევა. კომიტეტის წევრებმა სამინისტროების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები