ყატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარა
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, დღეიდან, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიაროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს ყატარის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირებისა და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლასა და შესაბამისი კატეგორიის ყატარული მართვის მოწმობის აღებას.
რაც შეეხება საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამოყენებას ყატარში ტურისტულად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ – პირს, რომელიც ფლობს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, თან ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლითაც ის შეძლებს, ისარგებლოს კატარში ჩასვლიდან 3 თვის განმავლობაში.
დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, მართვის მოწმობის შესაცვლელად, ყატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ.