ხატია წილოსანი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ხატია წილოსანი გერმანიის საქსონია – ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს, გუნარ შელენბერგერს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის პროფესიული სასწავლებლების განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ, ასევე, ღვინის წარმოებასთან, წყლის რესურსების სწორად გამოყენებასთან, თაფლისა და დედა ფუტკრის ექსპორტთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო გერმანული მხარის მხარდაჭერას ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების 12 პუნქტის შესრულების კუთხით, რათა საქართველომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება შეძლოს. ვიმსჯელეთ ისეთ მიმართულებებზეც, როგორიცაა თიხის წარმოება, ღვინის და თაფლის ლაბორატორიის განვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარების საკითხს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ახალი მეთოდების დანერგვაში და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაში. გუნარ შელენბერგერმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეეცდება, საქართველოს გაეწიოს მეტი დახმარება გერმანული მხარის მიერ”, – განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა, ბარბარა ჩაშელმა მიიღო.