ლევან იოსელიანი: ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება – რადიკალური დღის წესრიგის მომხრე ამომრჩეველს ვიღაც უნდა დაეპატრონოს

რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება რადიკალური „მესიჯებით“ გამოსული, მეტი შანსი აქვთ, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამომრჩევლის რაღაც სოლიდური ნაწილი მიიღონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან აქციების მეშვეობით ხელისუფლების ცვლილების დაანონსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ყველა ნიშანი სახეზეა.

„ვფიქრობ, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და იმ დროისთვის, როცა პარტია დაიშლება და ამის ყველა ნიშანია სახეზე – მიხეილ სააკაშვილს შეიძლება აღარ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, პარტიაში ვიცით, რომ დაპირისპირებაა, ამომრჩეველი, რომელიც რადიკალური დღის წესრიგის მომხრეა, ამ ამომრჩეველს ვიღაც უნდა დაეპატრონოს.

რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება რადიკალური „მესიჯებით“ გამოსული, მეტი შანსი აქვთ, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამომრჩევლის რაღაც სოლიდური ნაწილი მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ბრძოლა მიდის ხმებისთვის, სამომავლოდ თავისი ამომრჩეველი რომ გაზარდონ, ოღონდ გაზარდონ რადიკალური ამომრჩევლის ხარჯზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხარჯზე იმიტომ, რომ მათაც აქვთ, ჩემი აზრით, მოლოდინი, რომ ეს პარტია ადრე თუ გვიან, არჩევნებამდე დაიშლება, ამ ფორმით ვერ მიაღწევს ყოველ შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს აქციების გზით ხელისუფლების ცვლილების არ სჯერა და აცხადებს, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია.

„ყველაზე ბევრი ადამიანი და მაშინაც 60-100 ათასი არ იყო, გამოვიდა მაშინ, როდესაც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. გამოვიდნენ, მერე სიმღერები იმღერეს და დაიშალნენ. შეიძლება გამომივიდეს ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში არ არიან დღეს მზად იმისთვის, რომ ძალით, შევარდნით, ჩხუბით და ჯაჯგურით შეცვალონ ხელისუფლება და ეს არავის არ უნდა სინამდვილეში. შეიძლება რამდენიმე ათას კაცს უნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ მიზანი იქნეს მიღწეული. ამიტომ მე არ მჯერა დღეს საქართველოში ასეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილების. არამც თუ არ მჯერა, არ ვთვლი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ერთადერთი სწორი გზა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ კონსტიტუციური განვითარება, ეს არჩევნებია და არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები