გერმანელ მწერალთან, ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრა გაიმართება

12 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გერმანელ მწერალთან, ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე ბერნჰარდ შლინკი წაიკითხავს ნაწყვეტებს თავისი რომანებიდან. საუბარს გაუძღვება „ოლგას“ მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე.
გოეთეს ინსტიტუტში მსურველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მისი რომანები – „ოლგა” და „წამკითხველი” და მიიღოს მწერლის ავტოგრაფი.
შეხვედრა გაიმართება გერმანულ-ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით.
„გერმანელმა მწერალმა და იურისტმა ბერნჰარდ შლინკმა 1995 წელს ერთბაშად გაითქვა სახელი  ნაციონალ-სოციალისტურ თემაზე შექმნილი რომანით „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის პოპულარობასაც ასევე შეუწყო ხელი ჰოლივუდის მიერ წიგნის ეკრანიზაციამ.
ამ საერთაშორისო აღიარების შემდეგ შლინკმა 2000 წელს მოთხრობების პირველი კრებული, „გაქცევა სიყვარულისგან“ და 2006 წელს ახალი რომანი, „შინ დაბრუნება“ გამოაქვეყნა, რომლის ცენტრალური თემა ნაციონალ-სოციალიზმის თანამედროვე გააზრებაა. ამას გარდა, მის კალამს ეკუთვნის რომანები – „ოლგა“ და, ბოლოს, „შვილიშვილი“.
სამართლიანობა, სამართალი და მორალი, ფაშიზმის დანაშაულის, გერმანიის ისტორიული წარსულის გადამუშავება და კოლექტიური პასუხისმგებლობა – ეს ის თემებია, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს ავტორს.
ამავდროულად, ბერნჰარდ შლინკი იყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი საჯარო სამართალსა და სამართლის ფილოსოფიაში. ის იყო ნორდრაინ-ვესტფალიის მიწის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, მონაწილეობდა „მრგვალ მაგიდაში“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი კონსტიტუციის შესამუშავებლად.
ქართულ ენაზე  „ინტელექტის“ მიერ გამოცემულია ბერნჰარდ შლინკის ორი ბესტსელერი – „ოლგა“ და „წამკითხველი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები