კახა კალაძე: დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება
“დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. რას ვისმენთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში?! რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია. უბრალოდ, შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს.
„ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ის დათქმები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გასაკეთებელი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, ოპოზიცია ჩაერთოს და მნიშვნელოვანია, მათაც გაიზიარონ ის გასაკეთებელი რეფორმები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პუნქტები ძირეულად იყოს შესრულებული და მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამიხარდება, თუ ამ ყველაფერში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულები იქნება, თუმცა ისეთ განცხადებებს ვუსმენთ და ისეთი რადიკალიზაცია არის მათი მხრიდან, რომ ძალიან დიდი ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, ისინი შეძლებენ თუ არა ამ ყველაფერში ჩართულობას. როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და გამოვთქვით მზაობა და გუშინაც იქნა გაჟღერებული პრემიერის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მესიჯები, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა რას ვისმენთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში?! რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია. უბრალოდ, შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.