WP: ტრამპის სახლიდან ამოღებული დოკუმენტი უცხოური სახელმწიფოს ბირთვულ შესაძლებლობებს აღწერს
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფიცრებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ჩხრეკის დროს დოკუმენტი ამოიღეს, რომელიც უცხოური ქვეყნის სამხედრო თავდაცვას, მათ შორის, მის ბირთვულ შესაძლებლობებს აღწერს.
ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სტატიაში არ არის მითითებული, თუ რომელ უცხო ქვეყანაზეა საუბარი, არც ის, არის თუ არა ის მეგობრული ან მტრული შეერთებული შტატების მიმართ.
სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, 8 აგვისტოს ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზინდეციაში ჩხრეკისას FBI-მ 11 ათასზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი და ფოტო ამოიღო.
The Washington Post-ი წერს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი დეტალურად აღწერს აშშ-ის საიდუმლო ოპერაციებს. ასეთი ოპერაციები, როგორც წესი, იმდენად მკაცრად არის დაცული, რომ მათ შესახებ არც ეროვნული უსაფრთხოების ბევრი წარმომადგენელი არის ინფორმირებული. მხოლოდ პრეზიდენტს, მისი კაბინეტის ზოგიერთ წევრს ან ამ რანგის სხვა თანამდებობის პირებს შეუძლიათ სხვა თანამდებობის პირებისთვის წვდომის ნებართვის გაცემა.
ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა, რაც აშშ-ის ისტორიაში პირველად მოხდა.